თეგი: „მინისტრის საათი“

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა გაიზარდა - მინისტრი

დაფინანსების მოცულობასთან ერთად, 2022 წელს, მნიშვნელოვნად გაიზარდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსებადი სერვისების რაოდენობა, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას. მისი განცხადებით, 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია და 880 მილიონ ლარს შეადგენს. „მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა დეფიბრილატორების დაფინანსებაზე და ასევე მოიხსნა ასაკობრივი შეზღუდვა აბლაციების დაფინანსებაზეც. გარდა ამისა, ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წლიური დაფინანსება, თითოეულ პაციენტზე, 25 000 ლარამდე გაიზარდა. მოიხსნა თანაგადახდა და ყველა კატეგორიის ბენეფიციარისთვის, ონკოლოგიური სერვისები ანაზღაურდება სრულად. პროგრამას დაემატა გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობის კომპონენტი და ამოქმედდა თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის, თავისა და ზურგის ტვინის ტრავმული დაზიანების შედეგად განვითარებული მდგომარეობის რეაბილიტაციის კომპონენტი, რომლის ბიუჯეტი, წლიურად, 11 მილიონ ლარს შეადგენს“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. ჯანდაცვის მინისტრის თქმით, 2022-2023 წლებში, რეფერალური დახმარების პროგრამით 110 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სამედიცინო მომსახურება დაფინანსდა. მისივე განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ბიუჯეტის 95%-იან ზრდასთან ერთად, გაიზარდა როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსების მასშტაბი. „იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უკეთესი წვდომა უცხოეთში ისეთ სერვისებზე, რომელთა ჩატარება საქართველოში ჯერჯერობით შესაძლებელი არ არის, სამინისტრომ, გააფართოვა თანამშრომლობა კლინიკებთან თურქეთში, ესპანეთსა და ისრაელში, სადაც ყველაზე ხშირად ხდება პაციენტების რეფერალი. საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებაზე, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, 2022-2023 წლებში, გაცემულია 14 მილიონ ლარზე მეტი. ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები, რამაც 10 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქვე, მინდა აღვნიშნო, რომ 2022 წლის თებერვლიდან, საქართველომ დაიწყო უკრაინიდან საომარი მოქმედებების დროს ჩამოსული მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილებაზე ზრუნვა. მხოლოდ რეფერალური პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 1,5 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების შემთხვევა. გარდა აღნიშნული პროგრამისა, უკრაინის მოქალაქეებისთვის გათვალისწინებულია საყოველთაო და მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამებით დაფინანსება და სხვა სოციალური ბენეფიტები“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა. მინისტრმა ამავე მოსმენაზე ხაზი გაუსვა, რომ დაფინანსების DRG მოდელი უკვე საქართველოშიც წარმატებით მოქმედებს.  

ჯანდაცვის მინისტრი: ყველა მოქალაქეს, C ჰეპატიტის აქტიური სკრინინგისა და მკურნალობისკენ მოვუწოდებ

„მინდა, ყველა მოქალაქეს აქტიური სკრინინგისა და დაავადების დადასტურების შემთხვევაში მკურნალობისკენ მოვუწოდო, რათა ერთად შევძლოთ 2025 წლისთვის, უპრეცედენტო შედეგის - C ჰეპატიტის ელიმინაციის საქართველოში მიღწევა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას. მინისტრმა აღნიშნა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის შედეგად, უკვე 80 000-ზე მეტი ადამიანი განიკურნა. „გასულ წელს, კიდევ ერთხელ საერთაშორისო საზოგადოების მიერ C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის მიღწევების აღიარება მოხდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის კოლაბორაციული ცენტრის სტატუსი მიენიჭა, რაც მას საშუალებას აძლევს, ქვეყანაში, დანერგილი მოდელი სხვა ქვეყნებსაც გაუზიაროს. საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ პროგრამაში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური კვლევები და სრული მკურნალობა სახელმწიფოს მიერ 100%-ით ფინანსდება“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.  

საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, ვის შეუძლია, მიაკუთვნოს თავი „გლობალურ ომის პარტიას“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა „მინისტრის საათის“ ფორმატში დეპუტატების მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ, განმარტა, ვის შეუძლია, მიიჩნიოს თავი გლობალური ომის წარმომადგენლად. მინისტრის თქმით, გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია, მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი და ამისთვის მმართველი გუნდი ყველაფერს აკეთებს. „პაატა მანჯგალაძე საუბრობდა გლობალური ომის წარმომადგენლებზე, თუ როგორ ვხედავ მე ამ საკითხს. გლობალური ომის წარმომადგენლად შეუძლია მიიჩნიოს თავი ყველამ, ვისი განცხადებებიც, ქმედებებიც, საფრთხეს უქმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, უსაფრთხოებას, ევროპულ ინტეგრაციას და საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს. თუკი გადავხედავთ იმ ქვეყნებს, რომლებიც ბოლო წლების განმავლობაში გახდნენ ევროკავშირის წევრები, გადავხედავთ ამ ქვეყნებში შიდაპოლიტიკურ პოლარიზაციას და მათ და მათი ოპონენტების საგარეო ფლანგზე პოზიციონირებას, ეს იყო კონსოლიდირებული. ხელისუფლების ოპონენტები ცდილობდნენ, რომ როცა საკითხი მათი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ ინტეგრაციას შეეხებოდა იქ პოზიციები ფორმირებული ყოფილიყო, რასაც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ჩვენი ოპონენტებიდან ყველას შეუძლია, მიაკუთვნოს თავი ომის პარტიას, ვინც თავისი განცხადებებით, თავისი უსაფუძვლო ბრალდებებით, საფუძველს მოკლებული შეხედულების გაზიარებითა და საუბრით ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობას, უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებასა და ევროპულ მომავალს უქმნის საფრთხეს. საქართველოს ევროპული ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი, ამისთვის მმართველი გუნდი, ჩვენი ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს. სწორედ ჩვენმა ხელისუფლებამ აქცია საქართველოს ევროპული მომავალი კონსტიტუციურ ნორმად და ჩვენ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში ვემსახურებით ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის წარმატებულ განხორციელებას და ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის კეთილდღეობის უზრუნველყოფას. რაც შეეხება რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულების შესახებ კითხვას, ჩვენი აბსოლუტურად გააზრებული პოლიტიკა არის ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარება იყოს მაქსიმალურად დივერსიფიცირებული, შევძლოთ საექსპორტო პროდუქციის დივერსიფიცირება, ეკონომიკური ურთიერთობების დივერსიფიცირება. ეს პოლიტიკა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილია და ყველა ვემსახურებით ამ პოლიტიკის განხორციელებას“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.